ომობანა

აი, ის ფილმები ხომ იცით, მომავალს რომ აჩვენებენ? ყველა ჩვენ საქმეს კომპიუტერი რომ ცვლის ერთ დღესაც და კაცობრიობა ან ერთიანად დაბეჩავებულია ან გასხივოსნებული. ხოდა, აი ესეთ ფილმში ვარ დღეს, ბეირუთში მივდივარ და მხარზე კითხვარები კი არ მაქვს გადაკიდებული, არამედ ინტერნტ-ბრაუზერში დამახსოვრებული პროგრამის ლინკი. პროგრამის, რომელმაც ჩვენს მაგივრად უნდა დაარეგისტრიროს მონაცემები, მიუსადაგოს ინდიკატორებს, დათვალოს, გაანალიზოს, ალბათ დილაობით ყავაც გამიკეთოს და სამსახურშიც ჩემს მაგივრად წავიდეს. პროგრამა თვითონ შეეკითხება ბენეფიციარებს საიდან არიან წარმოშობით, რამდენჯერ გადაადგილდნენ, ახლა თავს როგორ გრძნობენ, ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება, შემდეგი სადილის გაკეთებას რა ეკონომიკური რესურსებით აპირებენ, ან აპირებენ თუ არა საერთოდ…

ბეირუთის აეროპორტში ერთი ჟრიამულია. ჰაჯიდან დაბრუნებულ, თეთრებში გამოწყობილ მოხუცებს ახლობლები სტვენით, ყვავილებით, ბუშტებით და ხტუნავ-ხტუნავით ხვდებიან. მე ჩემი ალო-ტაქსი მხვდება და აშრაფიისკენ მივდივართ. დილის 5 საათია.

ბეირუთს არ სძინავს.

იმიტომ, რომ ბეირუთს არასდროს არ სძინავს.

პირველად ბეირუთში ორი წლის წინ ჩამოვედი. მაშინ ჰამრაში, მეიფლაუერ სასტუმროში ვცხოვრობდი. მეიფლაუერი სამოცი წელია უყურებს ბეირუთს. იქ ყოფნისას შეგრძნეება გაქვს რომ კედლები ერთხელაც ენას აიდგავენ და ყველაფერს წვრილად მოგიყვებიან. ჩვენ 2 წლიან სამოქალაქო ომს 25 წელზე მეტია ვინელებთ, ბეირუთს კი 15 წლიანი სამოქალაქო ომი აქვს გადასახარში. რეგიონში ენჯეოშნიკების ყველაზე საყვარელ ტერმინებს შორის სულ უფრო ხშირად კონფლიქტისადმი სენსიტიურობა იკავებს პირველ ადგილს. მაგრამ მე, 2-წლიან სამოქალაქო ომ-გამოვლილს, ერთგზის ჩემს ქალაქში იძულებით გადაადგილებულსა და ბარემ დესერტად ოკუპირებულს ამ ტერმინის მიმართ მცირე დოზით ცინიზმი მეპარება ხოლმე. ომობანა რომელსაც ბავშვობაში ვთამაშობდით, ბეირუთელი ბავშვებისთვის 15 წელი იყო ყოველდღიური რეალობა. წარმოშობით სომეხი არმანი დანანებით მეუბნება რომ ომი ერთ დღეში ხდის ბავშვს ზრდასრულს. აგერ ზიხარ ქუჩაში, თამაშობ, ხვალ რატომღაც ვისაც ეთამაშებოდი მტერია, ვიღაც სხვა კი მეგობარი. უცბათ ეს ყველაფერი შენს უბანს სცილდება, ვიღაც უკვეთავს ისინი ჩახოცონ ვინც სხვა რელიგიას ეკუთვნიან, შენ კი იმხელაც არ ხარ რომ იცოდე რელიგია რა რის. მერე, ასევე უცბათ, ეს ყველაფერი შენს უბანს რომ გაცდა რაღაცნაირად პოლიტიკა გახდა, ვიღაცას  ძლიერმა მეზობელმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ვიღაცა მეორე სხვა ძლიერმა მეზობელმა დააფინანსა და მანამ სანამ თვალის დახამხამებას მოასწრებდი აგერ არჩევნებიც ჩატარდა თურმე. ლიბანის პოლიტიკური წყობა ისეთივე გაურკვეველია ჩემთვის როგორც არაბული ენა. ბოლო ორი წელია ვსწავლობ, მაგრამ მაინც ზუსტად იმდენი ვიცი რამდენიც შარშანწინ ამ დროს ვიცოდი. ამიტომაც ვრჩები ისევ რეგიონში. ჯერ ადრეა. ან უკვე ძალიან გვიანი და ვიძებ.

ჩვენი ჯადოსნური პროგრამის ტექნიკოსი და მე დილიდან ცხელი ყავით და სიგარეტით გაჭყეპილები ვუტევთ დღეს. დღის ბოლოს გვირაბის ბოლოს სინათლე-დანახულები მარ-მიხაილის ქუჩას ვაფარებთ თავს.

მარ-მიხაილი ბეირუთის ჰიპსტერისა და გლამურის თანხვედრის მწვერვალია. მსოფლიოს ყველა ბარმა თითქოს ერთად დატოვა თავისი ქალაქი და აქ, მარ-მიხაილის ქუჩაზე ჩამოვიდა რომ დილამდე მოლხენაში შეჯიბრს დასწრებოდა. ყოველთვის მეგონა ქართველებზე ტაშ-ფანდურა ხალხი არ არსებობდა, ხოდა ვცდებოდი.

ბეირუთში მოდაშია ერთი დღისთვის ცხოვრება, carpe diem, თუ როგორც არის. არმანი მიხსნის რომ გახანგრძლივებული გაჭირვების დროს ადამიანები ცდილობენ ცხოვრება ისეთად მიიღონ როგორც არის, და ყველა წუთით, რომელსაც მხიარულობაში ატარებ ბოლომდე ისიამოვნო. თავდაცვის ინსტიქტია ასეთი, სხვანაირად ვერ დარჩები სრულ ჭკუაზეო, მეუბნება და მერაღაცამდენე ჯინ-ტონიკს მაჩეჩებს ხელში. არმანის ბაბუა 6 წლის იყო გენოციდს რომ გამოექცა, გზაში მარტო მოდიოდია, ამიტომაც არმანმა არც თავისი ზუსტი წარმოშობა იცის და არც ნამდვილი გვარი. ბაბუას ბევრი არაფერი ახსოვდა, დამასკოში სხვა სომხურმა ოჯახმა შეიფარა, გაზარდა და გვარიც მისცა. სომხებს ხშირად ვხვდები აქ, მაგრამ ისინი ახლა სხვანაირი სომხურით ლაპარაკობენ, მე სხვანაირი სომხური ვიციო.

სამოქალაქო ომებს გამარჯვებულები არ ყავს, ყავს მხოლოდ შედარებით ნაკლებ წაგებაში დარჩენილები. ისინი გეტყვიან რომ გაიმარჯვეს, რომ ახლა ახალი დღე გათენდება. ეს ახალი დღე ისეთი იქნება რომ შედარებით ნაკლებ წამგებიანი გამოვიდეს, და იქნება მანამ, სანამ  ომობანას ახალ წესებს მოიფიქრებენ.   

ასე დავიშალეთ ჩვენ, მაგრამ ბეირუთს არ დაუძინია, იმიტომ რომ ბეირუთს არასდროს არ სძინავს.

დილიდან წინა დღის რუტინა განმეორდა, ყავა, სადილი, ყავა, დამაგვირგვინებელი ვახშამი და ფოტოები. მომავალი 1 თვე პროგრამის პილოტაჟს დაეთმობა, მუცელში საველე სამუშაოების წინა პეპლებს ვგრძნობ და მიხარია, თურმე კომპიუტერიზებულ ველსაც ისეთივე ადრენალინი ჰქონია. როგორც ჩანს, ომობანას ეს ნაწილი მაინც მოვიგეთ.

Advertisements

ბაბუაჩემის თეთრი ვოლგა, ისრაელი და მეფე ჰუსეინი

ისრაელი ბაბუაჩემის თეთრ ვოლგას მახსენებს, ყავისფერი პირებით, სპეციფიური სუნით, და „პეპსი-კოლას“ პლასტმასის ბოთლით ჩასხმული ბენზინით, ეზოს წინ გუბურაში რომ მილიონობით ფერს ტოვებდა. ბაბუაჩემის თეთრი ვოლგა ისეთივე მოხუცი იყო, როგორც სინაგოგა ონის ცენტრში. არა, ვაჭარბებ. ბაბუაჩემი ყოველ ხუთშაბათს დილით გაამზადებდა მანქანას, და დაბარებულ ხორცს ამოიტანდა ონიდან, ებრაელებთან ნაყიდს. ბებიაჩემი ყოველ ჯერზე კითხავდა, ხომ ებრაელებთან არის ნაყიდიო. აბა რაო, უპასუხდებდა ისიც და მანქანას ეზოში შემოაყენებდა. ხორცის ბაზარი მაშინ მგონი მხოლოდ ხუთშაბათობით იყო ონში. არ ვიცი რა ხიბლი ჰქონდა ებრაელებთან ხორცის ყიდვას, მაგრამ ესე იყო წესი.

თბილისს ელაპარაკეთ. კიოდა ქალი გისოსებიდან და ფოსტის შენობის ჩხაკუნში შეგეძლო ონიდან თბილისს დალაპარაკებოდი. დამპალი ხის და ნესტის სუნით ყარდა იქაურობა, მაგრამ ზაფხულის ყველაზე შთამბეჭდავ სიტყვებად – თბილისს ელაპარაკეთ – ღირდა ცოტა ხნით სუნთქვაშეკრული დგომა.

ბაბუაჩემი დინჯი რაჭველი კაცი იყო. ვდგავარ ახლა ისრაელის საზღვარზე, მეფე ჰუსეინის ხიდზე და ვფიქრობ მისი სიდინჯის გენი მოვძებნო ჩემს თავში, საკუთარ თავზე ცოტა გაბრაზებული ბურთი გადავყლაპო და ისრაელის მესაზღვრეს, რომელსაც ალბათ ტრენინგი აქვს გავლილი თემაზე როგორ გამოვიყვანოთ ადამიანი წყობიდან 3 თვლაში, მშვიდად ვუპასუხო რა ერქვა ბაბუაჩემს.

6324954647_91f8a8567c_nიორდანიის მხრიდან საზღვარზე მეფე ჰუსეინის და პრემიერ მინისტრ იცხაკ რაბინის ფოტოა, 1996 წელს გადაღებული. სწორედ მაშინ, მე და ბაბაუაჩემი ამაყად რომ მივაქროლებდით თეთრ ვოლგას ონისკენ. ისრაელსა და იორდანიას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მეფე ჰუსეინი, აქაბას რეზიდენციაში სიგარეტზე უკიდებს რაბინს. ისრაელის მხრიდან საზღვარზე ორი ხეთისხილის ხით შექმნილი კომპოზიციის ფოტოა, წარწერით: ისრაელი, მშვიდობის ქვეყანა, თუ რაღაც მსგავსი. (ფოტოს გადავუღებდი, მაგრამ მეშინია არ გამიჭედონ)

დღეს დილით ღაზაში უნდა წავსულიყავი, ერთი კვირა ვგეგმეთ ტრენინგი, თავისი მოსაწვევებიან – პრეზენტაციებიანად, მაგრამ აშშ პრეზიდენტ ტრამპს სულ ფეხზე კიდია რა გვქონდა დაგეგმილი, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა წინა კვირაში. შეშფოთდა მთელი პოლიტ-ელიტა, მედია-ელიტა, ბიზნეს-ელიტა, ის კი არა თვით პუტინმაც კი დაგმო მსგავსი განცხადება. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ შეშფოთების მთავარ მიზეზად, ე, მანდ დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოო უთხრეს ტრამპს. თავად თემაზე, რამდენად სწორი, წინა საერთაშორისო შეთანხმებებით რამდენად გამართლებული, ისტორიულად რამდენად სამართლიანი იყო ეს განცხადება ნაკლებად დაიწერა.  დინჯი კაცი იყო ბაბუაჩემი, დინჯი და სამართლიანი. ამ აურზაურის პასუხად მე მაინც ყველაზე მეტად ის სტატია მომეწონა, პალესტინამ ტეხასი მექსიკის ნაწილად გამოაცხადაო.

ჩემი მოკლე მოგზაურობა რამალლაში დასრულდა. ტრეინინგი აქ ჩავატარეთ. ორი დღე ვსვი როიალ ქორთის აუტანელი ყავა, უამრავი დადებითი ადამიანით ავივსე და ახლა ისევ მეფე ჰუსეინის ხიდისკენ მივდივარ, მეორე მხარეს გადასასვლელად.  ღაზას შუქი დღეში 3 საათი მიეწოდება, დღეს დილით ერეზის საზღვარი ჩაკეტეს (თითქოს მანამდე გახსნილი იყო), ჩემი მეგობარი ალლა კი, რომელიც იერუსალიმის ძველ ქალაქში ცხოვრობს, იმას დარდობს ყალანდიის საგუშაგოზე რამდენ ხანს დასჭირდება დღეს დგომა.

დიდებული მანქანა იყო ბაბუაჩემის თეთრი ვოლგა.

ამბავი ზღვაზე, რომელსაც ვერ გადაცურავ

ერეზის სასაზღვრო პუნქტზე ვარ. ჩემი ორივე ჩანთა ამოყრილია. მესაზღვრე დეტალურად ამოწმებს ჩემს ნივთებს, ჩანაწერებს, კომპიუტერს, ტანსაცმელს, კოსმეტიკას, საცვლებს… ყველაფერი ამოყრილია. გაშიშვლებული ვარ. უსუსური. უსიტყვო. რასაც მეკითხებიან – ვპასუხობ. ლაკონურად. კი ან არა. მინდა თვალები დავხუჭო და უცბათ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი გავხდე. მინდა ვიყვირო. ვეღარ ვარ პოლიტიკურად მშვიდი. ჩემი პასპორტი სადღაც მეორე ოთახშია. მოსაცდელ დარბაზში ვზივარ და ერთი ღერ სიგარეტში სამშობლოსაც გავცვლიდი ახლა. ჩემი თანამშრომელი ცალკე ოთახშია. მამის სახელი? ბაბუის? აქ რას აკეთებთ? ვის ეხმარებით? განათლება? მეათეჯერ ვპასუხობ ისრაელის მესაზღვრის ფანჯრიდან დასმულ კითხვებს, რომლებიც ვიცი უკვე დაფიქსირებულია ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლის დროს.

იცოდით რომ არსებობს გისოსობიანი ციხეები, და არსებობს ღია ცის ქვეშ გაშენებული ციხეები? გეცინებათ ხომ? მეც გამეცინებოდა. ვგრძნობ სადღაც მიშელ ფუკოს სული დამყურებს და დამცინის. მგრამ არაა სასაცილო. ერეზის მეორე მხარეს ღაზას სექტორია. თანამედროვე ციხე ღია ცის ქვეშ. 45 კილომეტრი სამხრეთით და 15 კილომეტრი დასავლეთისკენ, ზღვისკენ. ზღვისკენ, რომელსაც ვერ გადაცურავ, იმიტომ რომ რამდენიმე კილომეტრში საკონტროლო პუნქტია. ზღვა რომელსაც ვერ გადაცურავ, შეგიძლია მხოლოდ შეხედო, მშიერი ადამიანივით. მაძღარი მშიერს ნამცეცებს უყრიდიაო, თუ როგორც არის.

15 წუთია ზურგჩანთამოკიდებული გისოსებიან დერეფანში მივდივარ. ვცდილობ რომელიმე გამამხნევებელი ფიქრი მოვძებნო თავის უჯრებში და იმას ჩავეჭიდო. ისრაელის საზღვარი გადავკვეთე და ღაზას სექტორში უნდა შევიდე. ჩემს უკან კედელია. დიდი კედელი. ისრაელს და ღაზას სექტორს ყოფს. გეგონათ კედელი მხოლოდ მექსიკისგან დასაცავად მოიგონეს? გეცინებათ ხომ? მეც გამეცინებოდა. კიდევ 3 საკონტროლო პუნქტია. თუ ეს ჩანთა გზადაგზა არ დამძიმდება, თუ ეს მაისის მზე გზად არ შემჭამს, როგორმე მივალ პასპორტის კონტროლთან, მომცემენ შესვლის უფლებას, მერე მივალ შესვლის უფლების კონტროლთან, მერე შესვლის უფლების კონტროლის კონტროლთან, რკოს მივუტან ღორს, ღორი მომცემს თოკს, დავწნი…

ჩემს წინ ყურებამდე გაღიმებული კაცი დგას. ხორცისფერი ჟილეტი აცვია, ნაცნობი ლოგოთი.

Welcome to Gaza!

ჩანთებს მართმევს და მანქანაში მსვავს. წავედით. ზღვის სილურჯე თვალს მჭრის.

20883933_10212602099341679_1599217126_o

მერე მთელი დღე დავრბივარ და აღარაფერი მახსოვს. ღაზაური ყავით, კითხვარებით, შერჩევებით, 5 ბალიანი სკალებით, SPSS-ებით… ჩვენს პირველად გეგმას ვერ ვასრულებთ, მხოლოდ 6 დღიანი „საშვი“ მაქვს, ამიტომ თვით-ადმინისტრირებად კითხვარებს ვაკეთებთ, არაბულად ვთარგმნით, ვაგზავნით, მონაცემთა შეყვანის ბაზას ვაწყობთ, როგორმე რამეს ვიზავთ.

საღამოს ყველა ემოცია წართმეული შევდივარ საერთო საცხოვრებელში. ფანჯრიდან ზღვას გავყურებ და კიდევ ერთხელ ვეკითხები ჩემს თავს რა ჯანდაბას ვაკეთებ ამ დედამიწაზე. ის დროა მზე რომ ჩადის და სამყაროს ათას მნიშვნელოვან ფიქრზე გაწყებინებს თავის მტვრევას. მედიტაციური კომფორტიდან შუქის წასვლა მაფხიზლებს, ღაზას სექტორს ელექტროენერგიას ისრაელი აწვდის, დღე-ღამეში 4 საათი, ისიც თუ გაგიმართლა. ჩვენ, როგორც პრივილეგირებულ “ენჯეოშნიკებს” გენერატორი გვაქვს, დრიგინებს…

დილით სამხრეთ ღაზაში მივდივართ, ნახევარ საათში კვეთ მთელ მონაკვეთს, მონაკვეთს სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოკეტილი, რადგან გასვლის უფლება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. პარტნიორებს ვხვდებით, დედათა და ბავშვთა ნუტრიციის პროგრამას უძღვებიან. შემდეგ ისევ დავრბივართ, საღამოს აქაურ ცნობილ კნაფეს ვჭამთ და ზღვის სანაპიროზე ვსეირნობთ…

20930501_10212602098341654_1838009164_oზღვა კანალიზაციის სუნით ყარს, კანალიზაციის ერთადერთ სისტემას ეს წარმოადგენს, სხვა შესაძლო გზების დაბლოკვის გამო. მიხვდებით რატომაც.

საღამოს ჩემს თანამშრომელს ერაყში ჩვენი პროგრამის ფოტოებს ვაჩვენებ, მცხვენია რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას წასვლის უფლება მაქვს, უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მინახავს, ჩემი მობილური გატენილია სხვადასხვა ფოტოებით, მას კი ამ ადგილიდან გასვლის უფლებაც არ აქვს. ხშირად ხდება ავადმყოფებსაც არ აძლევენ სამედიცინო რეფერალის უფლებას ისრაელის საზღვარზე. სასწრაფო მანქანებით მიყვანილებს. საზღვარზე კვდებიან.

20930664_10212602099181675_1775756494_o

ჩემი აქ ყოფნის ბოლო დილაა, ვიღვიძებ და ვგრძნობ მუხლი არ მემორჩილება, არ ვიცი როგორ, მაგრამ ტკივილი თავბრუს მახვევს. ყველაზე მეტად ის მაწუხებს რომ საზღვარზე დაახლოებით 45 წუთი ფეხით უნდა ვიარო ჩემი ბარგიანად. ჩვენი თანამშრომელი, სამედიცინო პროგრამების დირექტორი, ღაზაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმია. აი, რა უპირატესობა აქვს სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობას. ნახევარ საათში კლინიკის მთავარი ექიმი ათვალიერებს ჩემს მუხლს, ფიქსატორს მიკეთებს და საზღვრისკენ მივდივართ. ფულს არ მახდევინებს, დღეს ღაზას სტუმარი ვარ. ვეწინააღმდეგები, მაგრამ დღეს ღაზას სტუმარი ვარ.

20951894_10212602099381680_388804430_o

საღამოს იერუსალიმში ვრჩები, ე.წ. არაბულ სამეზობლოში, ანუ აღმოსავლეთ იერუსალიმში. ონლაინ უბერის ტაქსს ვიძახებ რომ სავახშმოდ გავიდე. ტაქსის მძღოლი შეშფოთებული მეკითხება საიდან ვარ, საქართველო რომ ესმის, ცდილობს ამიხსნას რომ ეს უბანი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ აქ არაბები ცხოვრობენ (თვითონ ებრაელია) და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეთ აქედან! არ ვიცი რა უნდა ვუთხრა და ვბურტყუნებ რომ ჯერ-ჯერობით ცუდი არაფერი შემინიშნავს. მერე ღაზას ექიმი მახსენდება, სტუმარი რომ ვიყავი, და კიდევ ერთხელ მცხვენია, რომ სხვას არაფერს ვეუბნები.

დილით ჩვენს მძღოლს იორდანიის საზღვრისკენ მივყავარ, მეფე ჰუსეინის ხიდზე. მანქანაში ცხელი ყავით, ფალაფელის სენდვიჩით და სიგარეტით მხვდება. ისრაელის მესაზღვრე მეკითხება იარაღი ხომ არ მაქვს თან. მინდა ვეხუმრო, მაგრამ დროზე “ვატორმუზებ”. საზღვრის მეორე მხარეს იორდანიელი მძღოლი მელოდება და ამანში მივყავარ. საზღვარზე ჩემთვის ღვინო და მისთვის ერთი შეკვრა სიგარეტი ვიყიდე და ორივე ბედნიერები ვართ.

ჩემს სახლში სიმშვიდეა. თითქოს არც ვყოფილვარ არსად. დაახლოებით ის დროა ღაზაში შუქი რომ მიდის. შხაპს ვიღებ და მეგობარს ვურეკავ სავახშმოდ. ღაზაში ყოფნას მხოლოდ მტკივანი მუხლი და ფიქსატორი მახსენებს. იორდანიულ ლუდს ვსვავ. ჩარკვიანს ვუსმენ. აზრები მიქრება და ვიძინებ. ძილი ნებისა.

ის რაც იყო, არის და ყოველთვის იქნება

კიდევ ერთხელ ჩავალაგე ჩემი ერთგული ჩემოდანი და დილაუთენია ერბილისკენ დავიძარი. ერბილი ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის რეგიონის დედაქალაქია; პატარა ქალაქი დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებით და ჩემნაირი მოწოწიალე უცხოელებითაა სავსე. მას შემდეგ რაც 2014 წლის ივნისში 800-მა ჯიჰადისტმა მოსული დაიკავა და ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადა, ერბილიდან ჰუმანიტარული დახმარებების მობილიზება დაიწყო; ვწრიალებთ ჩვენც, კარვებს ვშლით, ყოვლისმცოდნე სახეებით შეხვედრას შეხვედრაზე ვგეგმავთ, „რეპორტებს“ ვაცხობთ, ტრეინინგებს ვატარებთ, სულ გვეჩქარება, სულ საქმიანები ვართ, მაგრამ მაინც დროებით, მოსულისთვის მოსულ უცხოებად ვრჩებით…

iraq-with-ur-site-and-cities-olმოსული მდინარე ტიგროსის ორივე სანაპიროზე განლაგებული ქალაქია, ერბილიდან 80 კილომეტრში. გასული წლის ოქტომბერში პირველად დაიწყო მოსულის გასათავისუფლებელი ოპერაცია, რის შედეგადაც მდინარის აღმოსავლეთ ნაპირი ოფიციალურად ერაყის ძალებმა დაიკავეს. დღეს კი, დილის 7 საათზე, მაშინ როდესაც მე დედოფალ ალიას აეროპორტში, ხელში კითხვარებით და მხარზე ლეპტოპ-მოგდებული დაბნეული ვეძებდი თვითმფრინავის ჩასასხდომ „გეითს“, ტიგროსის მარჯვენა სანაპიროზე, ბაღდადიდან, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ მოსულის გასათავისუფლებელი შეტევა განაახლეს.

ერბილის ოფისში მისულს პირველ რიგში უსაფრთხოების ოფიცერი მხვდება, მიხსნის სად და როგორ შემიძლია სიარული. შემდეგი 3 დღე სასტუმროს ტრენინგ-ოთახში გამოკეტილმა, ჩემს აქაურ ჯგუფთან ერთად უნდა გავატარო.

ტრეინინგის ბოლო დღეს,  სტრატიფიცირებულ შერჩევაზე რომ დავიწყე საუბარი, ერაყის ძალებმა მოსულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიისკენ აიღეს გეზი. 2-3 საათის გზაზეა. ჩემი კოლეგა მიხსნის რომ აქ ცხოვრება სურეალისტურ ფილმში ცხოვრებას ჰგავს, თითქოს აქვე ხარ, მაგრამ თან ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობ. აქ და ახლა. მოსულიდან წამოსული ხმაური სამყაროს სხვა ხმებს ერევა, გზად ელექტრო-გენერატორები ემატება და შენც განაგრძობ ასე ცხოვრებას, ფიქრობ სტრატიფიცირებულ შერჩევასა და ბარიერების ანალიზის მეთოდოლოგიაზე, დასაწერ ანგარიშსა და დასაგეგმ შეხვედრებზე. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა. აქ და ახლა.

16990894_10210916183194829_277601497_o

საღამოს ადრე ვასრულებთ და ბაღდადიდან ჩამოსული თანამშრომლის თხოვნით წიგნის მაღაზიაში მივდივართ; ბაღდადში ამჟამად სამეცნიერო ლიტერატურა ძნელად იშოვება, ჩემი თანამშრომელი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბირთვული ინჟინერიის ბაკალავრია და რა თქმა უნდა, მისი ინტერესები პაოლო კოელიოთი ვერ კმაყოფილდება. ეს გასეირნება ჩემთვისაც წარმოუდგენელი მისწრებაა, მძღოლისა და მანქანის გარეშე მარტოს გარეთ გასვლა  “მეკრძალება”, ერბილის ძველი ცენტრის მონახულების უფლება კი მხოლოდ თანმხლებთან ერთად მაქვს.

ერბილის ციტად17005934_10210915914668116_1903573965_nელი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დასახლებაა. პაწაწინა გორაკზე აფოფხებული ციხის გალავნის ქვეშ ქაისარის ბაზარია – ტკბილეულობით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ოქროულობის ცნობილი მაღაზიებით. რაღაცით საქართველოს რეგიონების ქალაქებს წააგავს, განსაკუთრებით კი მოხუცობა-შეპარული კაცებით, რომელთაც ძველისძველი, მაგრამ კოხტა შარვალ-კოსტუმი აცვიათ, მეზობლის გასვენებაში წასასვლელად საგულდაგულოდ დაკეცილი ცხვირსახოცით გულის ჯიბეში. ციტადელის ქვეშ ცნობილი ჩაიხანაა, აქ ბევრი ტრადიციული სამოსითაც დადის – ფართე შარვალს წელზე შემოხვეული შარფით იმაგრებენ; ამიტომაც აქაური კაცები წელში უცნაურად გასწორებულები დადიან, ვფიქრობ უჭერთ ალბათ ის შარფი…

მეორე დილით ბაჰარკას დევნილთა დასახლებაში (ბანაკი / camp) მივდივართ, გზაში არაბული წარწერების კითხვით და მწვანე ბალახის ყურებით ვირთობ თავს – იორდანიის ტიტველი ხორცისფერი პეიზაჟის შემდეგ ეს სიმწვანე ბავშვივით მიხარია. იორდანიის დასახლებებისგან განსხვავებით ბაჰარკაში შემოღობილ მესერს ვერ ნახავთ (მოსულიდან დევნილებს მოძრაობის სრული თავისუფლება და მუშაობის უფლებაც აქვთ, მაშინ როდესაც იორდანიაში სირიელი ლტოლვილები ცხოვრობენ, რომელთაც დასახლებიდან გასვლა შეზღუდული, მუშაობის უფლება კი ერთეული გამონაკლისების გარდა საერთოდ არ აქვთ).

16997452_10210915912908072_1404202929_nბაჰარკას დასახლების კლინიკაში მონაცემთა მიმოცვლის სისტემა უნდა შევაფასოთ: რეგისტრაციიდან – პაციენტის სრულ გაწერამდე. დღის ბოლოს, კონსულტაციებისა და რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ყველა რგოლში შევსებული სხვადასხვა ანკეტებისა და ფურცლების გროვაში ქექვით ვატარებთ მომდევნო 2 საათს. სწორედ ამ დროს, ერაყის ძალებმა მოსულის აეროპორტიც დაიკავეს.

მეორე დასახლება, ხაზერი, მოსულის გზაზეა. ქურთისტანის რეგიონისგან პატარა მდინარეზე გადებული, აწ უკვე ჩანგრეული ხიდი ჰყოფს. ეს ტერიტორია ოქტომბრამდე ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ეკავა, ამიტომაც რამდენიმე სამხედრო პუნქტის გავლა გვიწევს და დასახლებაშიც ნელა შევდივართ. დღეს, ჰუმანიტარული დახმარებების დისტრიბუციის დღეა, გზა ხალხითაა სავსე, გარშემო მხოლოდ ლურჯ-თეთრი კარვებია.

17028907_10210915912948073_1181128123_n12 ვაგონი U-ფორმით ქმნის აქაურ კლინიკას, რომელიც 27,000 ადამიანს ემსახურება. მათი ნაწილი აღმოსავლეთ მოსულის გათავისუფლების შემდეგ სახლში წავიდა, თუმცა სერვისების სრული არარსებობის, ხშირი დაჭერების, აფეთქებებისა და დრონებით დაბომბვის ფონზე, ისევ ხაზერში დაბრუნდა. ყველა მამაკაცს, ვინც მოსულიდან წამოვიდა, დასახლებაში შესვლამდე დიდხანს და დეტალურად ამოწმებენ, მხოლოდ წვერის გაპარსვა არ არის იმის დასტური რომ ოჯახის უფროსი ჯიჰადისტი მებრძოლი არაა. ვხვდები რამდენიმე თვითმფრინავი დაფრინავს ჩვენს თავზე, ვცდილობ კიდევ უფრო ღრმად ჩავრგო თავი კითხვარებში. აქ და ახლა.

მე, როგორც ცნობილი „თეთრი-ხალათის-ფობია“ ახალ-გადაგდებული მკვლევარი ამ დასახლებაშიც ე.წ. „დაკარგული ადამიანების“ კვალს ვეძებ. გზადაგზა პაციენტები მოდიან და სხვადასხვა შეკითხვას მისვავენ, ხან ბავშვს მაჩვენებენ, ხან ფარმაცევტის ქვითარს, ხან მტკივან ფეხს, მე ჩემი სამარცხვინო არაბულით ვუსხნი რომ ექიმს კი ვგავარ, მაგრამ ექიმი არ ვარ, და ასე გადის დღეც. ბაჰარკას დასახლებისგან განსხვავებით აქ ქალებს კიდევ უფრო კონსერვატულად აცვიათ – სადაც ახლა ვდგავარ, რამდენიმე თვის წინ ქალებს სრული ბურქა ეცვათ. აქ და ახლა.

შუადღისკენ საქმე „გავხსენით“: „დაკარგულმა“ პაციენტებმა რეგისტრაციის ფურცელი წასვლამდე უნდა დააბრუნონ პირველ ვაგონში. ამასობაში ერაყის ფედერალურმა ძალებმა ალ-ჰარაკიათიც დაიკავეს. აქ და ახლა.

მე კი ვზივარ თებერვლის მზის ქვეშ, საოცრად სიმპატიური ექიმის ვაგონის წინ და ზამთარგამოვლილი უდაბნოს ქარით გაყინულ სახეს სითბოს ვაჩვევ. ბავშვები ტირიან, დედები აწყნარებენ, მამები სიგარეტს ეწევიან, რეგისტრაციის ნომრით ხელში რიგს ელოდებიან და ამ სიცხით და ხმაურით გაფუებულ ჰაერში ვფიქრობ, რომ აქ და ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ზუსტად იმას ვაკეთებ რაც ყველაზე მეტად მიყვარს და მიუხედავად ყველაფრისა, ეს ჯიუტი დედამიწა შეუმჩნევლად ნელა, მაგრამ მაინც ბრუნავს თავის ღერძის გარშემო, ბავშვები ისევ ტირიან, დედები უიმედოდ აწყნარებენ, მამები სიგარეტს სიგარეტზე ეწევიან და ასე დაუსრულებლად ხდება ის, რაც იყო, არის, და ყოველთვის იქნება.

ამანური სიზმრები

პირველად ჰითროუს აეროპორტში გავიცანი, ზურგჩანთა-მოკიდებულს რეისზე ჩასხდომის დაწყება მომლოდინეს, უსასრულო 2 საათი ბოდიალში რომ გამყავდა. მაშინ ჯერ ისევ ახალგაზრდა ძალ-ღონით სავსეს, 1916 წლის 8 ივნისს გამოვლილს,  ცივი ზამთარი შვილთან ერთად ტრანსიორდანიაში გაჰყავდა.

300px-030arabრომ გეკითხათ, შვილები კარგი გამოადგა, აბდულას, რომელიც ტრანსიორდანიაში ცხოვრობდა რამდენიმე თვის შემდეგ შევხვდი, სხვები ისე გაქრნენ დედამიწიდან გაცნობაც ვერ მოვასწარი.

იმ ზაფხულს ბეირუთის ქუჩებში ბარიდან ბარში გადავდიოდი, სადღაც მესამე ჯინ-ტონიკზე რომ დაიწყო მაიკლმა აბდულას გაჭორვა, ებრაელ გოლდა მაიერთან ისე დაძვრებოდა შეხვედრებზე მდინარე იორდანეს გავლით, მაგას როგორ უნდა ენდოო. 2 კვირაში ამანში დავბრუნდი, და აბდულასაც იქ შევხვდი, 1951 წლის 20 ივლისი თენდებოდა რომ დაიჩემა იერუსალიმში მამაჩემის საფლავი უნდა მოვინახულოო.

მაშინ ერთ პალესტინელ ბიჭზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული, ამიტომ დიდად ყურადღება არც მიმიქცევია. საღამოებს ამანის გრილ ნიავში ტკბილი შიშას წრუპვით სახურავ-ტერასებზე ვატარებდი და ცაში ვარსკვლავებს ვითვლიდი. პალესტინელი მუჰამედის უდი მოცუცქნულ ამანში ყველა მოსახლეს უფრთხობდა ძილს. რაჭიდან ერთი ბოთლი ხვანჭკარა მქონდა წამოღებული და დედამიწაზე სხვა არც არაფერი მინდოდა. ამანი რომ მოგვბეზრდებოდა ხოლმე, უდაბნოში, ძმაკაც ბედუინთან მივყავდი. მე აქლემების სიკვდილივით მეშინოდა, ამიტომაც ცხელ დღეებს ლოურენსის და  ჰუსეინის (აბდულას მამის, აი, იერუსალმში რომ წავიდა მისი საფლავის მოსანახულებლად) ბანაკში ვატარებდი. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ადგილი ჰქონდათ არჩეული, კლდეები პატარა ყურეს ქმნიდნენ და მთელი დღე სიგრილეში ცხელ ჩა15824285_10210392416260983_1932871126_oის ვსვავდი, არც ტელეფონი იჭერდა, არც ინტერნეტი, ამიტომაც მეგონა რომ ამ სამყაროში მე ვარსებობდი მხოლოდ, მე და ის ტკბილი ჩაი, ხო, და კიდევ ორი  უზარმაზარი აქლემი.

20 ივლისი თენდებოდა, პარასკევი, აბდულამ რომ დაიჩემა იერუსალიმში მამაჩემის საფლავი უნდა მოვინახულოო, თურმე ალ-აქსას მეჩეთში სალოცავად ფეხი რომ შედგა, მარმარილოს იატაკზე, სროლის ხმას გაუყრუებია იქაურობა. იმ ზაფხულს, უდზე აღარ დაუკრავს მუჰამედს, ზეთისხილის ხეების სიჩუმეში ვკლავდი მოწყენილობას. ამანში სულ რამდენიმე ბარი იყო სადაც ალკოჰოლს ყიდდნენ, შიგადაშიგ სირიიდან ჩამოტანილ ჰაშიშს ვეწეოდით, და ზამთრის გადაგორებას ასე ვუცდიდით.

დეკემბრის ბოლოს საშობაოდ თბილისში ჩამოვედი, აქ არც არაფერი იცვლებოდა, თანაც ყველაფერს საახალწლო გოზინაყის სუნი ასდიოდა. თბილისისკენ ერთი პროფესორი დამემგზავრა, თბილისშიც იყო ნამყოფი, ლიბანელი, ჰოლანდიაში გადაცხოვრებულა სამოქალაქო ომის დროს, მაგრამ მაშინ ამის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი. მისგან გავიცანი ლოურენსიც, ორიენტალიზმის კლასიკური ნიმუშია, რომ გაიცნობ მერე ფილმსაც უყურეო. ველოდები ახლა ძველით ახალ წელს, 5 დღეში ისევ უნდა ჩავალაგო ჩემოდანი, ტკბილი შიშას სუნიან ქალაქში დაბრუნებამდე, შემდეგ არაბულ სიზმრამდე…

Amman Design Week და სხვა აბდაუბდა

დღეს კიდევ ერთხელ ჩავალაგე ჩემოდანი, ამჯერად ორი – ერთი წასაღებად, მეორე დასატოვებლად. სულ 5 დღით მივდივარ ამანიდან, მაგრამ დრო და სივრცე მხოლოდ პირობითი ცნებებიაო მითხრეს, ვინ რა უნდა მომიყვეს გზად ისეთი, რომ არ დავბრუნდე. ამ ქალაქს ტკბილი შიშას სუნი აქვს, ალაგ-ალაგ ფალაფელის რომელიღაც სუნელის. ერთი თვის წინ ამანის დიზაინის კვირეულზე ერთი ექსპოზიცია ამანის უბნების სუნს დაეთმო. არ ვიცი როგორ, რა ქიმიით და ჯადოქრობით, მაგრამ სხვადასხვა სინჯარას ამანის სხვადასხვა უბნის სუნი ჰქონდა, რომელიც რუკაზე უნდა დაგელაგებინა. ასეთი ზუსტი ჯერ არაფერი მინახავს ცხოვრებაში.14877218_10209738932604300_683849270_n

მეორე ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების თვალუწვდენელ სიმაღლეზე იდგა: თეთრ ფონზე წითლად იყო ამოქარგული პალესტინელი ხალხის ბრძოლა. ავტორი დიდხანს და დაჟინებით ცდილობდა დამენახა წითელი ფერის სხვადასხვა გრადაცია, თავის ქნევით ვანიშნებდი რომ სასწაულად მომწონდა ფერთა ასეთი შეხამება – „მუმთაზ, მუმთაზ“. რაღაცნაირი მწვანე თვალები ჰქონდა, ოდნავ წყლიანი და ცოტა საშიში, გრძელი მყარი თითები და ძალიან ნაზი ხმა – სრულიად წარმოუდგენელი კომბინაცია. adw_hangar_conceptიქიდან გამოსულს, არაბული ანბანის მინიმალისტურმა დიზაინმა სრულიად დამიკარგა თვითშეფასება და ამ ენის სწავლაზე ლამის ხელიც ამაღებინა.

დიზაინის კვირეული ძირითადად 1930 წელს აშენებულ ელექტრო-გენერატორების საცავში იყო განთავსებული, რომელიც დღევანდელი ამანის თანამედროვეობის სიმბოლოა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი რამ, რაც კი არსებობს ამ ქალაქში. 14804781_10209740164635100_89327894_nრომაული ამფითეატრის ნანგრევების არსებობის მიუხედავად, ამანელებს ყველაზე მეტად „სიძველის“ დემონსტრირება უყვართ. ყველაფერი იმდენად ახალია ამ ქალაქში, რომ ორმოც-ორმოცდაათიან წლებში აშენებულ შენობებს გატაცებით გამოარჩევენ. ერთ დროს „რაბათ ამონი“, დღეს ურბანული ტყის კარგი მაგალითია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ოსმალებს კონსტანტინეპოლიდან მედინამდე მინიმუმ 40 დღიანი მგზავრობა რომ მობეზრდათ რკინიგზის აშენება გადაწყვიტეს. ამანის გორაკების გზად ყოფნამ დასახლების გაფართოებას შეუწყო ხელი, რაც ტანად პატარა მაგრამ გრანდიოზული გეგმების მქონე ჰაშემიტმა აბდულა I-მა ტრანსიორდანიის საემიროს ცენტრად ამანის გამოცხადებით დაასრულა. cecil_beaton_photographs-_political_and_military_personalities_abdullah_king_of_jordan_abdullah_king_of_jordan_cbm16661946 წელს იორდანიის დამოუკიდებლობიდან დღემდე ამანი მილიონობით დევნილის სახლია, პალესტინელების, ერაყელების, სირიელების… ეს არაბული მრავალფეროვნება ყველაზე მეტად ენაში ვლინდება, რომლის გარჩევაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთხელ, იორდანიელისა და პალესტინელის საუბრისას შევძელი.

ამანი რეგიონის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება, სხვა ქალაქებისგან შენობების სითეთრე, სიმწვანის არარსებობა და ცენტრალური ქუჩების სისუფთავე გამოარჩევს. ჩაცმულობის აქაურ კონსერვატიზმს მხოლოდ რამდენიმე ბარსა და კლუბში ეხახუნება ერთდროულად მუხლს ზემოთ კაბა და მოხსნილი მკლავები. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მივხვდი რომ ჩამოტანილი კაბების 70% შემეძლო ჩემოდანში დამეტოვებინა. სასაცილოა, მაგრამ აქაური მოკრძალებულობა სხეულზე გეზრდება და 4 თვეში თვითონაც იწყებ თვით-ცენზურას, რომელსაც მერე ევროპულ ემანსიპირება-შეპარული ქალის თავგამოდებით ცდილობ გაიძრო და ამ ბრძოლაში დაკარგული, სახეზე bitch-mode დადებული უმკლავდები თინეიჯერი ბიჭების სტვენას და სიგნალებს. ერთი რაც მშველის ჩემი არაბულთან მიახლოვებული სახის ნაკვთებია, ორ-სიტყვა ნასწავლ არაბულს ვისვრი ყველა მხარეს და ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემასა და ქალთა უფლებების დაცვის წახალისებას შორის თითქმის უჩინარ ბალანსს ვპოულობ.

დღეს კიდევ ერთხელ ჩავალაგე აი იმ კაბებით სავსე ჩემოდანი, მხოლოდ 5 დღისთვის, ტკბილი შიშას სუნიან ქალაქში დაბრუნებამდე.

ბეირუთი, ანუ დაუმთავრებელი ისტორიების ქალაქი

საუზმეს უმცროსი ძმები გვიმზადებენ, მაგრად მოხარშული კვერცხი, ლავაშის პური, და თხევადი ყველის მსგავსი სუბსტანცია მიდევს თეფშზე. კვერცხს, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ჩემს ტელეფონს ვურტყავ და ისე ვფცქვნი. უცნაურია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთან ერთადაც ყველაფერი ჩვეულებრივია, თითქოს აგერ, გუშინ გაიცანი, არადა უყურებ და ხვდები სახლში ხარ. ეს სახლი თითქოს ჩემია, და თან არც. ყველა ნივთი უცნურად მიყურებს, შემოვდივარ და მიყურებენ, მეუბნებიან, შენც ორი თვით ხარ ხომ? ვპასუხობ რომ მარტამდე აქ ვარ, და ვეუბნები რომ მიყვარს ყველა მათანი. მაგრამ არა და არ სჯერათ. არადა ისე მიხარია რომ ჩამოვედით უდაბნოდან.

ამასობაში…

სამი შვილი ყავს, წარმოშობით ჩრდილოეთ ლიბანიდანაა და 25 წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა, ამიტომაც მისტირის თოვლს – წარმოიდგინე სახლში რომ ზიხარ და ფანჯრიდან თოვლს უყურებ. არაბები რას უყურებენ? მზეს და ოთახიდან ოთახში კლიმატ კონტროლის პულტით ხელში დარბიან. ესტონეთის უკიდეგანო ზამთარი მახსენდება და მზის დანახვის სიხარული, მინდა ავუხსნა, მაგრამ დილიდან ორ-შეხვედრა გამოვლილს, უდაბნოდან წამოსულს აეროპორტში და შემდეგ ნესტიან ბეირუთში მოხვედრილს, ვხვდები საუბრის თავი აღარ მაქვს. ამასობაში ჩემს მისამართს ვერ პოულობს და ძებნა ძალიან ძალიან დიდხანს გვიგრძელდება. გზა გადაკეტილია და ცოტა ხანი საცობში გვიწევს დგომა – ალბათ რომელიმე პოლიტიკოსმა გაიარა. ვამშვიდებ რომ ყველაფერი უფრო მეტად გასაგები და მშობლიურია ჩემთვის ვიდრე მას წარმოუდგენია. შენობას სახელად “ჰადდად” კიდევ უფრო გამწარებულები ვეძებთ. ჰალლას, დამსვი აქ და ჩემით გავაგრძელებ – ცოტათი სწყინს და ბრაზდება. ბუზღუნით გადმოაქვს ჩემი ჩანთა საბარგულიდან და “ქანთარი რეზიდენსის” წინ მტოვებს.

რას წარმოვიდგენდი თუ 4 ღამის შემდეგ, დილის ექვს საათზე, ისევ აქ ვიდგებოდი, მთელი ღამის გამოუძინებელი, ისევ ბარგით, ბილეთით და პასპორტით ხელში,  და უიმედოდ ტაქსს ვინატრებდი.

უნივერსიტეტში გერმანულ ენას სწავლობდა, ოცნებობდა გერმანიაში წასულიყო და დოკუმენტური ფილმების რეჟისურა ესწავლა. შემდეგ, ალბათ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ხდება ხოლმდე და ქუვეითში, ნავთობის კომპანიებში ამერიკელებთან და ბრიტანელებთან ნავთობის ბიზნესის განვითარების შესახებ ფოტოგრაფობა დაიწყო. დიდი, სქელშუშიანი სათვალეები უკეთია და მარცხენა ფეხით მორიდებით კოჭლობს. წარმოშობით პალესტინიდანაა, მამას იერუსალიმში ქრისტიანულ კვარტალში ოპტიკის და საათების მაღაზია ჰქონდა, სახელად „ხალაფ ოპტიკა“. მისი ოჯახი პალესტინაში, იაფაში ცხოვობდა, საიდანაც 70-იანების ბოლოს წამოვიდნენ და რადგან მამას იორდანიელ ვაჭრებთან კავშირები ჰქონდა თავდაპირველად ამანში ჩამოვიდნენ, იმ იმედით რომ ერთ-ორ თვეში დაბრუნდებოდნენ.  დღემდე ელოდება. მცხვენია რომ შარშან მთელი დღე ვიბოდიალე იაფაში, ისე რომ ამაზე არც მიფიქრია.

ვთანხმდებით, რომ თუ იერუსალიმში ჩავალ სექტემბერში, მამამისის მაღაზიის ადგილს მოვძებნი და ფოტოს ჩამოვუტან. ამასობაში მოვედით, ჩამომსვა და მარცხნივ შენობაზე მიმითითა, თუ გინდა დაგელოდები. ვატყუებ, რომ მეგობარმა უნდა მომაკითხოს, აქამდეც ხომ თავისი მანქანით მომიყვანა, მხოლოდ იმიტომ რომ გზა ამებნა და მის მაღაზიაში შევედი რჩევის საკითხავად.

რას წარმოვიდგენდი?!

შემოვდივარ და მიყურებენ, მეუბნებიან, შენც ორი თვით ხარ ხომ? ვპასუხობ მაგრამ არა და არ სჯერათ.