ცოტა პატრულზე

მას შემდეგ რაც ქარიან და ცივ ბაქოში გასეირნება გადავიფიქრე, ფეისბუქზე გაზიარებულ პოსტებს ჩავყევი და მივხვდი რომ თბილისი კიდევ ერთხელ აღუშფოთებია ვინმე ეკას მიერ პატრულისთვის გინებას, ამჯერად უკვე რომელიღაც გადაცემაში. ეს პოსტი არ ეხება არც ქართული ”მედეას” კრიტიკას, არც ქართულ ”მენტალიტეტს” და მითუმეტეს არც ეკას. ეს პოსტი ეხება პატრულს.

სულ ცოტა შორიდან დავიწყებ:

მეოცე საუკუნის დასაწყისში, სოციოლოგმა მაქს ვებერმა სახელმწიფოს ცნების ყველაზე ცნობილი განმარტება შემოგვთავაზა. ვებერის აზრით, სახელმწიფო ეს არის ერთობა, რომელსაც გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში გააჩნია ფიზიკური ძალის გამოყენების ლეგიტიმური მონოპოლია. ამ პოსტის მიზნიდან გამომდინარე ყურადღებას გავამახვილებ სიტყვა ”მონოპოლია”-ზე. ისევ ცოტა შორიდან დავიწყებ. იმავე მეოცე საუკუნის ბოლოს, დიეგო გამბეტამ სიცილიური მაფიის, როგორც კერძო პროტექციის ბიზნესის შესახებ წიგნი გამოსცა. გამბეტას ერთ-ერთ მთავარ არგუმენს პროტექციის კერძო ბიზნესის წარმოშობის მიზეზების განხილვისას,  სხვა ფაქტორებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების მონოპოლიის არარსებობა წარმოადგენდა. მისი მიდგომა ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ როდესაც მოქალაქეებს არ გააჩნიათ სახელმწიფოს ნდობა, რომ ის შეძლებს მათი პირადი საკუთრების დაცვას, ისინი, როგორც რაციონალური აგენტები, მიმართავენ დაცვის ალტერნატიულ მეთოდებს, რომლის მისაღებადაც, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნეს სერვისის შემთხვევაში, ფულს გადაიხდიან. აღნიშნული კერძო ბიზნესი ჩვენთვის სიცილიურ მაფიად არის ცნობილი, რომლის მაგალითებიც მრავლად იყო ტკბილი და ბნელი 90-იანების საქართველოში. აქ ვგულისხმობ მხედრიონს, როგორც ”წესრიგის დამყარების” ალტერნატიულ ძალას, კანონიერი ქურდების ”შუამავლობას” და სასამართლოს ფუნქციების ჩანაცვლებას, რეკეტს და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვა და შორიდან აღარ დავიწყო, პატრულის (და რათქმაუნდა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების) მიმართ ნდობა სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური ერთეულის სიმტკიცის ერთ-ერთი ინდიკატორია, რომლის მაჩვენებლის დაწევაც პოტენციურად ქმნის მისი ”ჩამნაცვლებლის” შექმნის საფრთხეს. სამწუხაროდ, პატრულის უსუსურობა ძალიან კარგად გამოჩნდა 17 მაისს, როდესაც სახელმწიფომ საერთოდ ვერ შესძლო მისი მოქალაქეების დაცვა და სხვა ინსტიტუტს, ანუ ეკლესიას, თავისი ნებით გადასცა ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება.

რა შუაშია აქ ეკა? ეკა აქ თავშია და სამწუხაროდ ის არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, ეკა ეს არის განზოგადებული ტერმინი, რომელიც შეგვიძლია ყოველდღიურად დავინახოთ ჩვენს გარშემო: როდესაც მძღოლი გვეუბნება რომ მის მანქანაში ღვედის გაკეთება არ არის საჭირო, როდესაც არსებობენ მანქანები რომელიც პატრულმა არ უნდა გააჩეროს, როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც თავს იმით გაწონებენ რომ შენს მიერ საზღვრის გადაკვეთის დროს გადაღებული ფოტოები შეუძლიათ გაჩვენონ, როდესაც ხედავ როგორ საუბრობს პატრულის თანამშრომელი საჭესთან მობილურზე… მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ყოველდღიურად ვაწყდებით ფაქტს რომ, თუკი ყველა ადამიანი თანასწორია, ვიღაც უფრო მეტად არის თანასწორი ვიდრე სხვა დანარჩენი. ეს პრობლემა ცალმხრივი არ არის, და მისი მანიფესტაცია როგორც ზემოთ სიიდან მიხვდებოდით ორივე მხარეს გვხვდება: მოქალქეებისაც და სამართალდამცავებისაც. სამწუხარო ეკას ისტორიაში არის ის, რომ ხალხმა დაგმო და უარყო ეკას საქციელი, აღშფოთდა მისი თავხედობითა და უზრდელობით, თუმცა ძალიან ცოტა შეაშფოთა იმ სამართალდამცავის საქციელმა, რომლის სახელითაც ემურებოდა მოქალაქე ეკა პატრულის თანამშრომლებს. ეს ქმნის პრეცენდენტს, რომ იმისათვის რომ მე პატრულმა დამიცვას, მე მისი მეგობარი/ნაცნობი/ნათესავი უნდა ვიყო, და რადგან ლოგიკურია რომ ყველა მოქალაქე ვერ იქნება პატრულის თანამშრომლის მეგობარი/ნაცნობი/ნათესავი, ის მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას და ამ მეგობრობის/ნაცნობობის/ნათესაობის მისაღებად დამატებით ფულს გადაიხდის. ამას უკვე საით მივყავართ ალბათ თავად მიხვდებით.

სურათი პესიმისტური გამომივიდა, ამიტომ აქვე ფერადი სტატისტიკით გაგართობთ: 1996 წელს, როდესაც სახელმწიფო ”არც ისე ძლიერი იყო”, პოლიციას არ ენდობოდა მოსახლეობის დაახლებით მესამედი (33%), 2008 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრდა (14%) და იმ ადამიანების რიცხვმა ვინც საკმაოდ (თუმცა არა სრულად) ენდობოდა პოლიციას 32%-იდან 40%-ამდე მოიმატა (მსოფლიო ღირებულებების კვლევა, 1996 და 2008). აქვე შედარებისთვის, 1996 წელს ეკლესიას სრულად ენდობოდა მოსახლეობის 36%, ხოლო 2008-ში 68%, თუმცა ამაზე სხვა პოსტში დავწერ. კავკასიის ბარომეტრის მიხედვით 2013 წელს პოლიციას მოსახლეობის 58% ენდობოდა. 2001 წელს მოსახლეობის 73% აცხადებდა რომ პოლიციის თანამშრომლებს შორის კორუფცია იყო გავრცელებული, 2012 წელს აღნიშნულ მაჩვენებლი 5%-ამდე იყო დასული (დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა, 2012).

დასკვნის სახით, სამწუხაროდ ისევ სანახაობით გავერთეთ და ერთი ”უწყინარი” გინების უკან უფრო დიდი პრობლემის დანახვა დაგვავიწყდა ან დაგვეზარა. რაც შეეხება ეკას, სამწუხაროა, რომ ამ პოსტით ხელს ვუწყობ მის პიარს, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ”მედეაც” გადაივიწყებს მას, აღარ მოიწვევს გადაცემაში ”ქართულ მენტალიტეტზე” სასაუბროდ და ყურადღებას ძირეულ პრობლემაზე გაამახვილებს.

Leave a comment