ძალიან ცოტა ევროპელობაზე

უნდა ვაღიარო. ადამიანების იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვისთვისაც აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილია. აეროპორტში მიფიქრია ყველაზე მეტი ცხოვრების მიზანზე და სამყაროს შეცვლაზე, ყველაზე მეტად აქ დავკვირვებივარ ადამიანებს, ყველაზე მეტად აეროპორტში მყვარებია და ყველაზე ხშირად აეროპორტში დამისვავს შეკითხვები სიკვდილზე და სიცოცხლეზე… ასე მემართება ყველგან, ჰითროუში, ფრანკფურტში, კიევში, და რათქმაუნდა თბილისშიც!

ხუთშაბათს ბაქოდან ჩამოვფრინდი, კარისკენ წავედი და ჩვეული Tbilisi – City EU Statethat loves you-ს  ნაცვლად ეს წარწერა დამხვდა:

აეროპორტი პირველი ადგილია სადაც უცხო ქვეყანაზე შთაბეჭდილებას იქმნი. მარაკეშის აეროპორტში 20 წუთი რომ დასჭირდათ იმის გასარკვევად თუ რას ნიშნავდა ჩემს პასპორტზე წარწერა „საქართველო“, უკვე ვიცოდი, რომ წინ ყველაზე წარმოუდგენელი თავგადასავალი მელოდა…  რას ამბობს ეს წარწერა ჩვენზე, ქართველებზე? ამბობს ერთს, ანუ იმას, რომ ამჟამად ჩვენთვის, ქართველებისთვის, საკუთარი თავის განსაზღვრისას, „ევროპელობაზე“ (ანუ ღირებულებები, კულტურა, ტრადიციები, მსოფლმხედველობა და ა.შ.) უფრო მნიშვნელოვანი „ევროკავშირის წევრობაა“ (ანუ პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთობა, რომელიც თავისთავად აერთიანებს „ევროპელობას“, თუმცა მასში წევრობა აღნიშნული ღირებულებებს არ „აჩენს“).

არ  ვიცი რამდენად მოიაზრებდა ასოცირებულ წევრობას ზურაბ ჟვანია 1999 წელს, როდესაც განაცხადა, რომ ქართველობა ავტომატურად გულისხმობდა ევროპელობას. თუმცა ვიცი, რომ ამჟამად ქართველების 32% მის აზრს არ იზიარებს, 12%-მა კი არ იცის როგორ გასცეს პასუხი. საერთო ჯამში, წინდადებას „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, მოსახლეობის 56% ეთანხმება¹. რათქმაუნდა არსებობს განსხვავება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (თუკი ახალგაზრდების (18-35 წელი) 60% ზურაბ ჟვანიას პათოსს იზიარებს, 56+  ასაკის კატეგორიაში მაჩვენებელი 50%-ია).

რაც შეეხება ევროკავშირს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 8%-ისთვის აღნიშნული წარწერა სრულიად აზრს მოკლებულია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათი აზრით, საქართველო უკვე ევროკავშირის წევრია! ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის მიმართ ნდობაც საკმაოდ საინტერესოა, მოსახლეობის მხოლოდ 6% არ ენდობა მას, განსხვავება კი სქესის, ასაკობრივი ჯგუფების, და დასახლების ტიპის მიხედვით არც ისე დიდია.

საბოლოო ჯამში, ევროკავშირის განსაზღვრა მარტივია, ხოლო რას ნიშნავს ევროპელობა საკამათო თემაა. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი, ასოცირებული წევრობა მას ვერ მოგვანიჭებს! ეს არც უვიზო რეჟიმია და არც თხილის ექსპორტი, ვერც დათვლი და ვერც ხელით შეეხები. ევროპელობას ვერც ზეზვა და მზია მოგვანიჭებს, ვერც სოფლის მაღაზიის თავზე აფრიალებული ევროკავშირის დროშა და ვერც ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი… ევროპელობა ცხოვრების სტილია, მსოფლმხედველობაა, ღირებულებებია. შესაბამისად, ის არც „სწორია“, არც „არასწორი“, ის უბრალოდ არსებობს, და მისი ტრანსფორმირებაც შესაძლებელია… ჩემი აზრი კი ის არ ის, რომ სამწუხაროდ ევროპელობისგან ბევრად უფრო შორს ვართ, ვიდრე ევროკავშირში წევრობისგან, აეროპორტიდან გამოსვლისას კი მე პირადად მირჩევნია თბილისის სიყვარულს ვხედავდე 🙂

p.s. პოზიტიური დასასრულისთვის, აეროპორტის სცენა ფილმიდან Love Actually 🙂

“Whenever I get gloomy with the state of the world, I think about the arrivals gate at Heathrow Airport. General opinion’s starting to make out that we live in a world of hatred and greed, but I don’t see that. It seems to me that love is everywhere. Often it’s not particularly dignified or newsworthy, but it’s always there…. If you look for it, I’ve got a sneaky feeling you’ll find that love actually is all around.

1 The Caucasus Research Resource Centers. 2013, Knowledge and attitudes toward the EU. Retrieved through ODA – http://caucasusbarometer.org on 15.03.15

Leave a comment