დელფოსის ორაკული, ანუ ბედნიერების 100 დღის ნახევრისადმი მიძღვნილი გამოსაფხიზლებელი პოსტი

100HappyDays50 დღის წინ, 26 აპრილს, მე ჩავერთე სოციალურ ექსპერიმენტში, სახელად „ბედნიერების 100 დღე“, რაც მავალდებულებს, რომ 100 დღის განმავლობაში ყოველ დღეში აღმოვაჩინო ის რაც მაბედნიერებს და ამის შესახებ ფეისბუქზე დავპოსტო. ექსპერიმენის მიზანია გვასწავლოს გავხდეთ ბედნიერები გრანდიოზული მოვლენების გარეშე და უბრალოდ ვისწავლოთ ბედნიერად ცხოვრება ყოველდღიურობაში, რაც ჩემი აზრით, საქართველოში ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გვაკლია.

უფრო მეტიც, ზოგჯერ მეჩვენება რომ ბედნიერად ყოფნა “გვიტყდება” და “გვცხვენია”, თითქოს, არც ვართ ვალდებულები ბედნიერები ვიყოთ… ამიტომაც, როდესაც გვეკითხებიან როგორ ვართ, ჩვენ გულწრფელად ვპასუხობთ “რავი”, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით, იმიტომ რომ სირაქლემებივით “გრანდიოზულ” პრობლემებს (როგორიცაა მაგალითად “ბევრი საქმე”, “დროის უქონლობა” “დაკავებულობა” და ა.შ.) ვეფარებით და ყველაზე მთავარში, ანუ საკუთარ თავში, ჩახედვის ცოტა გვეშინია, ცოტა გვიტყდება და ცოტა სირცხვილიციაა უკვე…!

სწორედ ასეთი “გრანდიოზული პრობლემის” გამო მსოფლიოში ამ ექსპერიმენტის მონაწილეთა 71%-მა ექსპერიმენტი ბოლომდე ვერ დაასრულა, მათ განაცხადეს რომ ამისთვის საკმარისი დრო არ ქონდათ. მათ არ ქონდათ დრო იმისთვის, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ…

სინამდვილეში მათ ვერ შესძლეს გულწრფელად მოეფიქრებინათ თუ რა აბედნიერებდათ. ის, თუ რა გვაბედნიერებს ნამდვილად, არის შეკითხვა, რომელზეც გულწრფელად პასუხის გაცემა ძალიან რთულია, იმდენად რთული რომ ეს საკუთარ თავში დელფოსის ორაკულის აღმოჩენას უდრის. ამიტომაც გვიადვილდება „რავი“-ს თქმა, რადგან ამით თავს ვარიდებთ ყველაზე მთავარს, საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმას. თითქოს ბედნიერება მხოლოდ დიდ დღეებს უკავშირდება, ყოველდღიურად კი ამისთვის უბრალოდ არ გვცალია. რა ჩვენი ბრალია, არ გვცალია ვიყოთ ბედნიერები!

გასული 50 დღის განმავლობაში შევძელი ყველაზე მთავარი, ანუ ის რომ საკუთარ თავს ყოველდღიურად უნდა უსვავდე ამ შეკითხვებს და ამავდროულად ვისწავლე რომ:

  • თანაბარი მნიშნელობის (!) დადებითი და უარყოფითი მოვლენებისგან, დადებითს მეხსიერების რომელიღაც უჯრაში11391648_795291753924299_9073690350330890141_n ვინახავთ, უარყოფითი კი მთელი დღე გვიწამლავს გონებას.
  • შესაბამისად, ჭეშმარიტად ბედნიერი ადამიანები გულით აფასებენ იმას რასაც ხედავენ საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების გარშემო.
  • ხვდებიან, რომ ამ წვრილმანების დასანახად, და იმის გამოსარჩევად თუ რა ანიჭებთ მათ ბედნიერებას სინამდვილეში, საზოგადოების ყუთიდან გამოსვლაა საჭირო (ისევე როგორც სხვა ყველაფერში აქაც მუშაობს სოციალური წნეხი თუ როდის უნდა ვიყოთ ან არ ვიყოთ ბედნიერები)
  • და ბოლოს, კიდევ ერთხელ იაზრებენ რომ არ არსებობს აბსოლუტური ცნებები ან მოვლენები.

გასული 50 დღის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდი მეპოვნა ეს ჰარმონია, და უნდა ვაღიარო, ეს ძალიან ძალიან ძალიან გამიჭირდა, თუმცა ჩემი ცხოვრება მართლაც შეიცვალა ისე, რომ ამას არც კი მოველოდი:

  • შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ჩემი 50 დღის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც მეხმარებოდნენ მაშინ როდესაც მიჭირდა საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმა, რომლებიც ელოდებიან ჩემს პოსტებს და რომლებიც უბრალოდ ფანტასტიურები არიან 🙂
  • წელსაც ვირბინე Wings for Life მარათონზე, მიუხედავად იმისა რომ ობიექტური მიზეზების გამო საერთოდ არ ვიყავი ფიზიკურად მომზადებული
  • სრულიად სპონტანურად ვიმოგზაურე ისრაელში
  • სრულიად შემთხვევით გავაკეთე Bubble Parade-ს ორგანიზება თბილისში
  • გავხდი Local Happiness Ambassador-ი
  • და კიდევ უამრავი წვრილმანი, რომელსაც ამ ეტაპზე პირადად შევინახავ 😉

ახლა, როდესაც ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ, ჩემი ბევრი მეგობარივით თქვენც გიჩნდებათ შეკითხვები:

სხვა საქმე არ მაქვს? – კი, უამრავი, თუმცა 50 დღის მანძილზე ვისწავლე რომ ჩემი საკუთარი ბედნიერება ჩემს ხელშია, ამიტომაც აღარ ვაპირებ მის გაშვებას…

ეს ყველაფერი ხომ ხელოვნურია?! – ასე რომ იყოს, ასე ძალიან არ გამიჭირდებოდა! დიახ,  იყო დღეები როდესაც ძალიან გამიჭირდა „ბედნიერების დანახვა“, სწორედ ამ დღეების განმავლობაში მივხვდი რა იყო მთავარი – ბედნიერებას ან ხედავ ან არა, ის თავისთავად ციდან არ გეცემა…

რა გენაღვლება?! – კარგად რომ მიცნობდე ამ შეკითხვას თავშიც კი არ გაივლებდი, თუმცა მე აღარ ვთამაშობ თბილისში ასე მოდურ თამაშს, რომელსაც სახელად ქვია: „მოდი შევეჯიბროთ ვის უფრო მეტი პრობლემა აქვს“, ამიტომაც ამ შეკითხვას უპასუხოდ ვტოვებ…

აი, მერე რა?! –  მერე ის, რომ რატომ 100? 200? ან 2000? რატომაც არა, მთელი ცხოვრება?!

about-arrowდა ბოლოს, თუ ჯერ არ დაგითმიათ დრო გეპოვნათ თქვენი უნიკალური ბედნიერების ბალანსი:

  • ნუ იტყვით რომ არ იცით როგორ ხართ, დაუსვით შეკითხვები საკუთარ თავს და გახდით საკუთარი თავის საუკეთესო მრჩეველი
  • დააფასეთ ის, რაც თქვენს გარშემოა და ნუ დაგენანებათ ყოველდღიური ღიმილი, ჩახუტება, თბილი სიტყვები და ყველა ის “ბანალურობა” რასაც რატომღაც ასე გავურბივართ ხოლმე იმის შიშით რომ სტერეოტიპებით არ განგვსაჯონ! Happiness never decreases from being shared!
  • Dream Big – ნუ დაკმაყოფილდებით იმით რაც თქვენს გარშემოა – წუწუნის ნაცვლად გადადით მოქმედებაზე. დაისახეთ მიზნები და თამამად იმოძრავეთ, განვითარება მეცნიერეულად დადასტურებული ბედნიერების გარანტია. დაისახეთ იმდენად დიდებული მიზნები, რომ ცოტა შეგეშინდეთ კიდეც მათი!

და ბოლოს, ცხოვრება ძალიან მოკლეა საიმისოდ, რომ არ გქონდეთ დრო ბედნიერებისთვის!

შემომიერთდით ახლავე და ჩაერთეთ ექსპერიმენტში! 

შევქმნათ მილიონი ბედნიერი დღე საქართველოში 🙂 

Leave a comment