ბედნიერება როგორც ჯადოსნობა

გასულ წელს ჯადოსნური ზაფხული მქონდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გურამს ისრაელის მოგზაურობის გეგმებში ადგილი გამოუჩნდა. ვიცოდი ეს ის იყო და მე მე ვიყავი. ბილეთი რამდენიმე საათში ვიყიდე. ამ პოსტში არ დაგღლით სტანდარტული ისტორიებით. ამ პოსტში მოგიყვებით ბედნიერების იმ წამებზე, რომლებიც რეალობის და ჯადოსნობის გასაყარზეა, სადღაც მოჭუტულ თვალებს იქით ფოთლებს შორის არეკლილ მზეზე შორს.

მკვდარი ზღვის მარილით გაპატიოსნებულები იერუსალიმის გავლით თელ-ავივში ვბრუნდებოდით. უკან მოგვყვებოდა დილის ველოსიპედით დაღლილი კუნთები, იერუსალიმში გაცვეთილი ფეხსაცმელები, იერიქონში შესვლისას დაგუბებული ყურები… ღამე იყო და ეძინა ყველას, თითქოს მეც. სადღაც ძალიან ახლოს გზატკეცილის ლამპიონები წუთების რაღაც დაშორებით ყველას გვანათებდა. გვეძინა ყველას, თითქოს მეც. ჩამოვედით.

მზეთ-უნახავმა ბექამ მე მას ვეღარ შევხედავო. კვარიათში მივდიოდით ბათუმიდან. წინ – პაატა და გურამი, მარცხნივ ეკა, მარჯვნივ საბა. ქალაქს ვაცილებით. მზე გზაზე. ცისფერ-ზოლიანი სარაფანი, მზისგან გახუნებული შავი საცურაო კოსტუმი. ოდნავ დამწვარ ბეჭზე ნახევრად-სველი პირსახოცი მქონდა გადადებული. Summer wine… გვეძინა ყველას, პაატას გარდა, თითქოს მეც. ჩამოვედით.

….

Hello darkness, my old friend

I’ve come to talk with you again.

….

გარეთ ისე წვიმს დიდხანს ვერ გავალთ. პაატას ოთახში ბექას სძინავს. მივედი, მივაჩოჩე, მივუჩოჩდი. მეორე ოთახში თამაშობენ, ვერ ვხვდები რას. ფანჯარა ღიაა და გარეთ წვიმს, ისე თითქოს წელს პირველად. შენ ხარ გოგო? ხო, ვინ ვიქნები, აბა. Sound of Silence… ტვინის რომელიღაც უჯრედმა მთელი სხეული გამორთო, არაფრის-კეთების წუთები… გარეთ ისე წვიმს დიდხანს ვერ გავალთ.

წმინდა მარიამის ეკლესიის კოშკურის კიბეზე ნელა ავდივარ. კიბის საფეხურები ნელ-ნელა იზრდება და ასვლაც მიჭირს. კიბის თავში დგას და მიღიმის. მთელი წელი მოგზაურობდა, ჯადოსნური ისტორიები უბრწყინავს თვალებში, ყველაფერი რაც უნახავს და ჯერ არ უნახავს. ჩინელი ტურისტი თინეიჯერები ხმაურობენ, სივიწროვეა. პირველად ვხედავ, და ვიცი სადღაც რომელიღაც ცხოვრებაში ერთნი ვიყავით. ოქსფორდში მზეა.

გუშინ გურამს ვუთხარი როგორ მიყვარდა 7 წლის წინ. მაშინ როცა ბავშვი ვიყავი. ის კი ახლა მწერს რას ვხედავ ჩემს მარცხნივ. მზეზე გამხმარი ზღვაში ჩასვლის იმ წამის მეასედში ფოტოს ვუგზავნი. ყოფის აუტანელი სიმსუბუქე. თითქოს ისევ იმ დიდ ქვაზე ვზივარ და მისი სიმხურვალით ვშრები.

გასულ წელს ჯადოსნური ზაფხული მქონდა. არა იმიტომ რომ გარშემო ჯადოსნობა ხდებოდა, უფრო იმიტომ რომ ცნობიერების ყველა კარი მხოლოდ მას გრძნობდა, მინდოდა რომ ყოფილიყო, ამიტომაც არსებობდა.

12006361_10206632073734770_439567246459030706_n

Leave a comment